პრემიერმინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ყველაფრით ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ ახალ ტურისტულ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, ახალ ტურისტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას, ახალ ტურისტულ პროდუქტებს, – ამის შესახებ “კვირას” ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ტურიზმის მიმართულებით გათვალისწინებული პროექტები რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
“საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს. დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ყველაფრით ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ ახალ ტურისტულ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, ახალ ტურისტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას, ახალ ტურისტულ პროდუქტებს, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიის განხილვას პარლამენტი დღესაც აგრძელებს. შევა თუ არა რაიმე ცვლილება და რა სახით დამტკიცდება ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მათ შორის არის ტურიზმის განვითარებაც. პრემიერის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ასევე იგეგმება ახალი ტურისტული ცენტრების გახსნა.