მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილური დარჩა, 21-27 ნოემბერს 2,7 მილიონზე ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვალების მაჩვენებელი, წინა კვირასთან შედარებით, 5%-ით შემცირდა, დაფიქსირებულია 8 400-ზე მეტი შემთხვევა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 30 ნოემბრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ, 27 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში პანდემიის გავრცელებიდან 637 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 6,6 მილიონზე მეტი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
რაც შეეხება რეგიონულ მაჩვენებლებს, ყოველკვირეული ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან ოთხში შემცირდა.
კერძოდ, აფრიკის რეგიონში -18%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში -17%-ით; ევროპის რეგიონში -14%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში -8%-ით; ხოლო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ამერიკის რეგიონში +19%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში +8%-ით.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია სამ რეგიონში: აფრიკის რეგიონში -79%ით; ევროპის რეგიონში -35%-ით, ასევე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ხოლო გაზრდილია: ამერიკის რეგიონში +21%-ით, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში +9%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში +5%-ით.