ელ გრეკოს გამოფენა ბუდაპეშტის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში მნახველს ჭეშმარიტი დღესასწაულის მოწმედ აქცევს

ბუდაპეშტში ნებისმიერი მოხვედრა ხელოვნების მოყვარულისთვის მუდამ სიახლეს და გაოცებას უკავშირდება და ამჯერადაც იშვიათი საჩუქრით ხვდება უნგრეთის დედაქალაქი, კერძოდ კი – ნატიფი ხელოვნების მუზეუმი (Szepmuveszeti Muzeum) დაინტერესებულ მნახველს.
ევროპის ყველა დროის ყველაზე ორიგინალური და უნიკალური ბედისწერის მხატვრის ელ გრეკოს (1541-1614) გამოფენას ყოველდღიურად ათასობით მნახველი სტუმრობს და მათი რიცხვი სულ უფრო მზარდია. გამოფენა გაისად 19 თებერვლამდე გაგრძელდება და ელიან, რომ მას ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაათვალიერებს.
Szepmuveszeti Muzeum-ი 8 წლის განმავლობაში ემზადებოდა აღნიშნული გამოფენის საზოგადოებრიობისთვის წარსადგენად. უნგრული მუზეუმის ამბიცია ალბათ მაინც იმით იყო განპირობებული, რომ მათ პრადოს შემდეგ ელ გრეკოს ყველაზე მდიდარი კოლექცია გააჩნიათ. ამ ხნის განმავლობაში ისინი თანამშრომლობდნენ პრადოს, ლუვრის, ლონდონის ნაციონალურ გალერეასთან, ვაშინგტონის ხელოვნების ნაციონალურ გალერეასთან, ასევე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კერძო კოლექციონერებთან, რომ ოთხი თვის განმავლობაში ბუდაპეშტისთვის დაეთმოთ თავიანთი საგანძური.
აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მუზეუმი წლეულს ალბათ მსოფლიო ლიდერია, ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ერთი წლის განმავლობაში აქ გაიმართა სეზანის, ბოსხის, მატისისა და ელ გრეკოს ვრცელი რეტროსპექტული გამოფენები.
ელ გრეკოს ექსპოზიცია სრულიად გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. შესვლისთანავე შემაცბუნებელ ატმოსფეროში ხვდები. ნაცრისფერ და იისფერ კედლებზე დაკიდებულ შედევრებს, დღის განათებაში კი არ უყურებ, არამედ –  ჩაბნელებულ დარბაზებში…
იისფერსა და ნაცრისფერთან შეწყვილებული წყვდიადი და მათგან გამომზირალი ელ გრეკოს ტილოები ნამდვილ სასწაულს ქმნიან, თითქოს ფეხქვეშ მიწას გაცლიან და კოსმოსურ უწონადობაში გადაჰყავხარ.
ელ გრეკოს 60-მდე ორიგინალის ერთად თავმოყრა გალერეის მხრიდან მოწმობს, თუ როგორი პასუხისმგებლობით ემზადება იგი მნახველთან შესახვედრად. არც პარიზის, არც ლონდონის და არც ნიუ-იორკის ყველაზე გახმაურებულ გამოფენებს ბუდაპეშტი ტოლს არ უდებს და ეს ფაქტი ამ ქალაქს, ევროპაში, ლონდონისა და პარიზის შემდეგ, ყველაზე დიდ კულტურულ ცენტრად წარმოაჩენს.
თუკი საშობაოდ ან ახალი წლის შემდეგ ბუდაპეშტს ეწვევით, არ გამოტოვოთ ელ გრეკოს გამოფენა, აუცილებლად სანახავის სიის თავში დააყენეთ, რადგან ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათად ჩნდება. ეს იმ რანგის და ღირებულების ექსპოზიციაა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგყვებათ და გემახსოვრებათ.

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები