“ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი- კონტაქტი“ 6 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლ „ფილოსოფიური ქვის” პრემიერას გამართავს
“ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი- კონტაქტი“ 6 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე საავტორო სპექტაკლის, „ფილოსოფიური ქვის” პრემიერას გამართავს.
დაგეგმილი პრემიერის შესახებ თეატრის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა – გიორგი მიქაბერიძემ, მსახიობებმა – ანანო ჩიტაძემ და გიორგი პოლოლიკაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
თეატრის ცნობით, ამბავი მოგვითხრობს ძველ ცივილიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე
მდებარეობდა, სადაც წინაპრები დიდ სიბრძნესა და იდუმალებით
მოსილ ფილოსოფიურ ქვას ფლობდნენ. „ფილოსოფიური ქვის“ ძიებისას გმირები ოქროს საწმისის იდეას იხსენებენ,
რომლის მნიშვნელობას მაყურებლის წინაშე ახლებურად წარმოაჩენენ.
“ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი- კონტაქტი“ 6 დეკემბერს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოგიდგენთ ახალი სპექტაკლის პრემიერას, სახელწოდებით “ფილოსოფიური ქვა”. დრამატურგი და რეჟისორი ირა კოხრეიძე გახლავთ. ეს ჩვენი თეატრის რიგით მეშვიდე საავტორო სპექტაკლია. ამბავი საკმაოდ ღრმა ფილოსოფიური საკითხის გაშლას გულისხმობს. ისტორია მოგვითხრობს საკითხზე, რომელიც კაცობრიობას სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროსა და სივრცეში ყოველთვის აინტერესებდა, აწუხებდა და დღემდე ინტერესის სფეროდ რჩება. ესაა ე.წ ფილოსოფიური ქვის ძიების პროცესი. ფილოსოფიური ქვა წარმოდგენილია, როგორც გარკვეული ცოდნის მეტაფორა, რომელსაც ადამიანი საკუთარი ეგოისტური მიზანსწრაფვების და სურვილების დასაკმაყოფილებლად ყოველთვის ეძებს. სპექტაკლში ამ ძიების პროცესი სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ეპოქაშია ასახული. პიესაში ასევე ნაჩვენებია კოლხი მედეას ისტორიის ცოტა განსხვავებული ხედვა, ამ ისტორიის სხვანაირად გააზრება და იმ დეტალებზე დაკვირვება, რომელიც, ძირითადად, ჩვენს არაცნობიერში მიღებული არ არის.
ამ პროექტის, სპექტაკლის მხარდამჭერები კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია არიან. პარტნიორობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, დიდი მადლობა გერმანიის საელჩოს საქართველოში. დიდი მადლობა “კვირას” , რომ აშუქებთ და ხელს გვიწყობთ ინფორმაციის გავრცელების კუთხით. ცალკე მადლობა მინდა, მუსიკოს ლადო ბურდულს გადავუხადო, რომელმაც უსასყიდლოდ მოგვცა ნება, ჩვენს სპექტაკლში მისი ლეგენდარული კომპოზიცია გამოგვეყენებინა.
ჩვენი დასი ინტეგრირებულია. პროფესიონალი მსახიობები გვყავს მოწვეულები. დასში არიან პროფესიონალი და ტიპური განვითარების მქონე მსახიობები და 15-მდე, სპეციალური საჭიროების მქონე პირი.
ვფიქრობ, საინტერესო სანახაობა გელით, რომელიც იმედია, მაყურებელს დააფიქრებს, სასიამოვნო ან უცნაურ შეგრძნებებსაც დაუტოვებს.
ჩვენთვის უნიკალური იყო ის, რომ ეს სპექტაკლი 25 რეპეტიციაში დავდგით. სამწუხაროდ, ასეთი “დედლაინი” იყო. ვფიქრობ, ეს მთელი დასის გმირობა იყო. ჩვეულებრივი თეატრები 25 რეპეტიციაში სპექტაკლს ვერ დგამენ. ეს ჩვენთვის ძალიან სანერვიულო მომენტი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ასე თუ ისე, თავი გავართვით და 6-ში ვნახავთ, რა გამოგვივიდა”, – განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.