გიორგი ცუცქირიძე: 2023 წლის ბიუჯეტი, წლის დასაწყისის მოლოდინებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია

2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული ვერსია პარლამენტს განსახილველად ხვალ წარედგინება.
დასაქმების პროგრამები, სოციალურად დაუცველთა დაფინანსება, პენსიები, ხელფასები საჯარო სექტორში, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმი – ეს ის საკითხებია, რაზეც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა.

რას ითვალისწინებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და რა მიმართულებებია პრიორიტეტული ქვეყნისთვის, ამ და სხვა საკითხებზე “კვირას” ეკონომისტი – გიორგი ცუცქირიძე ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი წლის დასაწყისში არსებულ მოლოდინებთან შედარებით გაზრდილია, რაც მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ 2023 წლის ბიუჯეტი, წლის დასაწყისის მოლოდინებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ მაღალ ზრდასა და დამატებით შემოსავლებთან, რაც ბიუჯეტმა მიიღო. დაკორექტირებული ბიუჯეტი უკვე ხვალ შევა პარლამენტში განსახილველად და  გვეცოდინება დეტალურად ყველა დაფინანსება, რაც პრემიერმა დააანონსა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე.
მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის ბიუჯეტში თავიდანვე იყო განსაზღვრული საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა, რასაც ასევე ემატება პედაგოგების და ბაგა-ბაღების მასწავლებლების ხელფასების ზრდაც, ძალოვანი უწყებების დაფინანსების ზრდაც მნიშვნელოვანია ამ კუთხით და ამ ყველაფერს დაემატა ახალი მიმართულებები, რისი საშუალებაც გაზრდილმა, დაკორექტირებულმა ბიუჯეტმა მოგვცა. ეს არის, ბოლო ორ წელიწადში, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ოთხმაგი ზრდა, იყო 50 ლარი და 200 ლარი ხდება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების დაფინანსების გაზრდა ბიუჯეტიდან, ესეც ორმაგდება – 1000 ლარი იყო არაუმეტეს, 2000 ხდება. ეს დემოგრაფიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც არ იყო გაწერილი თავდაპირველ ბიუჯეტის პროექტში, ეს არის წამლები და მათი რეფერენტული ფასები. რეალურად ეს დაიწყო მაშინ როდესაც თურქეთიდან შემოვიდა მედიკამენტები, რამაც მნიშვნელოვნად დაიწია ფასები 60%-ით, ზოგ შემთხვევაში 80%-ით. საუბარია ქრონიკული დაავადებების წამლებზე, რაც ძალიან ძვირი იყო და ადამიანებს მათი ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ რადგან საკუთარი ჯიბიდან უწევდათ გადახდა. რეფერენტული ფასების რეფორმა კი კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ამ ფასებს. რეფერენტული ფასების რეფორმას გარკვეული კრიტიკა გამოუჩნდა, რომ თითქოს ეს ზედმეტი ხარჯია ბიუჯეტისთვის და რომ სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს ამას, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრმა თითქმის ყველა სახელმწიფომ დანერგა ეს რეფორმა, რაც გულისხმობს რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულ ერთსა და იმავე მედიკამენტზე საშუალო ფასის განსაზღვრას, ანუ იმ ზღვარს, რომლის ზემოთაც წამლის ფასი არ ავა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად პენსიონერთა ხარჯის ძირითადი ნაწილი სწორედ წამლებზე მოდის და მათთვისაც შეღავათი იქნება მედიკამენტების ფასების რეგულირება.
ასე რომ, ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პუნქტია გაწერილი და გათვალისწინებული”, – თქვა გიორგი ცუცქირიძემ.

ეკონომისტი ხაზგასმით აღნიშნავს დასაქმების პროგრამის მნიშვნელობასაც, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

არანაკლებ საყურადღებოა დასაქმების პროგრამაც.
ის ყველა პროექტი, რაც არის გაწერილი ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით – ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა, გზების და ა.შ. მოითხოვს შესაბამის მუშახელს. პრობლემა არის ის, რომ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ადამიანების ნაწილი, ვინც პოტენციურ სამუშაო ძალას წარმოადგენს, გადის ქვეყნიდან. გადიან პირობითად უფრო მაღალი ანაზღაურების იმედად, რაც ხშირად არის ცოტა ილუზორული, რადგანაც ხშირად ეს ადამიანები იმედგაცრუებულები უკან ბრუნდებიან. მაგრამ სამუშაო ძალისთვის ეს არის პრობლემური, რადგან არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ზოგადად ბიზნესი ისედაც უჩივის არასაკმარის მუშახელს და ვაკანსიების სიჭარბეს. ხელფასებსაც რომ შევეხოთ, ბოლო მონაცემებით, მედიანური ხელფასიც და საშუალო ხელფასიც გაზრდილია საქართველოში გასულ წელთან შედარებით. აქედან გამომდინარე ასეთი სტრატეგიული ამოცანა რჩება – სამუშაო ძალის გაზრდა. ქვეყანაში გვაქვს პოზიტიური ტრენდი, რომ უმუშევრობაც შემცირებულია ისტორიულ მინიმუმამდე, გაზრდილია დასაქმება, მიუხედავად ადამიანების გადინებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამუშაო ძალაა გაზრდილი, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა არის გაზრდილი, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს. ამის მიუხედავად, აუცილებელია, რომ ის გადინება რა დღეს ხდება, ვგულისხმობ სამუშაო ძალის თვალსაზრისით, შეჩერდეს შენელდეს, განსაკუთრებით – იმ ფონზე, რომ მათ დღეს ექნებათ გაცილებით მაღალი და მეტი შეთავაზება, ვიდრე ეს ჰქონდათ გუშინ და გუშინწინ. ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდის ბუნებრივი თანმდევი პროცესი“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები