„მისი მოსვლა, ახალი სიცოცხლის დასაწყისად იქცა ჩვენი თეატრისთვის“ – გოჩა კაპანაძის დაბადების დღე და ცხინვალის თეატრის მილოცვა

1960 წლის 29 ნოემბერს დაიბადა მსახიობი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე. ცხინვალის თეატრი ფეისბუქის გევრდზე ულოცავს სამხატვრო ხელმძღვანელს  დაბადების დღეს და სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბ-ნი გოჩა კაპანაძის დაბადების დღეა!
სულ რამდენიმე დღის წინ, ბატონი გოჩა კვლავ დაინიშნა, ახალი ოთხი წლის ვადით, ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, რამაც ძალიან გაგვაბედნიერა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბ-ნ გოჩას სრულიად დამსახურებულ თანამდებობას და, პირველ რიგში, ვულოცავთ ჩვენს თეატრს, რადგან ეს გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის!
რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ გაუმართლა ჩვენს თეატრს. რამხელა სიამაყეა, როდესაც ყველა თეატრისთვის სასურველი და სანატრელი რეჟისორი, უკვე მრავალი წელია ერთგულად ემსახურება, პატრონობს და სათავეში უდგას დევნილობაში მყოფ მაჩაბლის თეატრს.
ბ-ნი გოჩა მაშინ მოვიდა ჩვენთან, როდესაც თეატრს თავისი ძნელბედობის ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი ედგა. არ გვქონდა არანაირი სამუშაო პირობა, სცენაზე წვიმდა და ყინავდა, ისე როგორც გარეთ. სულ გვეგონა, რომ გაგვექცეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით. მთელი პასუხისმგებლობით იტვირთა დევნილი თეატრის პატრონობა და დღემდე ასე გრძელდება. ყოველთვის აქეთ გვამხნევებს, არ გვაძლევს მოდუნების და გაჩერების უფლებას, მუდმივად გვახსენებს, რომ მაჩაბლის თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრია და ჩვენ ვალდებულები ვართ მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას!
ბ-ნი გოჩას მოსვლა, ახალი სიცოცხლის დასაწყისად იქცა ჩვენი თეატრისთვის. ყველამ გაიცნო ცხინვალის თეატრი, შევიძინეთ ჩვენი ერთგული მაყურებელი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მრავალი წელია ღირსეულად ვიკავებთ ადგილს საქართველოს წამყვანი თეატრების გვერდით!
არასდროს დავიღლებით ბ-ნი გოჩას მაღალ პროფესიონალიზმზე და საოცარ პიროვნულ თვისებებზე საუბრით, რაც არაერთხელ გვითქვამს და რაც არავისთვის იქნება ალბათ ახალი, მაგრამ შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ ბატონი გოჩას ერთი გამორჩეული თვისება. რეპეტიციებზე ძალიან მკაცრი და მომთხოვნი რეჟისორი, მუშაობის პროცესში „’დაუნდობელი” როგორც სხვის, ასევე საკუთარი თავის მიმართ, საოცარი გულის ადამიანია, ძალიან მეგობრული, კეთილი, ყველას ტკივილის გამზიარებელი, ნებისმიერ დროს მზად არის სხვის დასახმარებლად, ბავშვივით უხარია სხვისი წარმატება. მისთვის უცხოა პროფესიული შური, ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობს სხვა რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლზე და გვირჩევს, რომ ყველამ ვნახოთ…
დაუსრულებლად შეგვიძლია ბატონი გოჩას შესახებ საუბარი, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ დიდი სიამაყით, რომ გოჩა კაპანაძე , ქართულ თეატრალურ სივრცეში, თავისი თაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, გამორჩეული მოღვაწე, მსახიობი და რეჟისორია!
ბატონო გოჩა, გილოცავთ დაბადების დღეს! უდიდესი მადლიერებით, სიყვარულით და პატივისცემით! დიდხანს, ძალიან დიდხანს გეკეთებინოთ თქვენი საყვარელი საქმე, არასდროს გამოგლეოდეთ ის ენერგია და ენთუზიაზმი, რითაც უკვე ათწლეულებია ემსახურებით თქვენს საყვარელ ქართულ თეატრს.
ძალიან გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით“, – აღნიშნულია ცხიმვალის თეატრის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები