ეროვნულ გალერეაში მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიხსნა

წელს, ცნობილ ქართველ ხელოვანსა და მხატვარს – მერაბ აბრამიშვილს, 65 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციის გარდა, დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია ექსპონატები მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან. ასევე, გამოფენასთან დაკავშირებით, მომზადდა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი და ღია ბარათები.
მერაბ აბრამიშვილს მოღვაწეობის დასაწყისშივე მხატვრობის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მანერა და სტილი ჰქონდა. მას აინტერესებდა შუა საუკუნეების ფრესკა და აღმოსავლური მინიატიურა, მონუმენტური ფორმა, რაფინირებული დეკორატიულობა თუ მონუმენტურის, დეკორატიულისა და სახვითი გამომსახველობის სინთეზი. მხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვანებას მიაღწია.
2013 წელს მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად წარდგა „სოტბის“ ცნობილ აუქციონზე და მას შემდეგ, მისი შემოქმედება სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონის ხშირი სტუმარია.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები