ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გაგრძელდება
ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ ახლანდელი მთავრობის პირობებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უდავოდ უფრო სტაბილურია, თუმცა იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ზრახვები შეიცვალა. როგორც ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი რადიო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გაგრძელდება.
„ძალიან რთულია ურთიერთობის იმაზე მეტად გაუარესება, რაც 2008 წელს იყო, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. ეს ძალიან დაბალი ათვლის წერტილია. ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა ურთიერთობის დასტაბილურებას შეეცადა. ახლანდელი მთავრობის პირობებში ურთიერთობა უდავოდ უფრო სტაბილურია, თუმცა არა მგონია, საქართველოს მიმართ რუსეთის ზრახვები შეცვლილიყო. გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეომებიან, დასავლეთის შეშფოთებას ზრდის, რაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაში არ ეხმარება“, – ამბობს კურტ ვოლკერი.
მისივე თქმით, ევროპამ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია ფაქტად მიიღო და არავინ არაფერს აკეთებს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.
„ეს დიდი იმედგაცრუებაა. ამას გარდა, რეგიონში დემოკრატიზაციისა და განვითარების თვალსაზრისით უკუსვლა შეინიშნება“, – აღნიშნავს ვოლკერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.