პოლიციელისთვის კბენის შედეგად რუსეთში ქალბატონი დაიღუპა
რუსული საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ცნობის თანახმად, პოლიციელისათვის კბენის შედეგად კარელიის რესპუბლიკაში 39 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ადამიანის გარდაცვალების ეს უცნაური შემთხვევა 10 აგვისტოს ქალაქ პეტროზავოდსკში მოხდა, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ დღეს გახმაურდა.
როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან – პოლიციელებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დებოშიორი მთვრალი წყვილი აღმოაჩინეს და მათ დაშოშმინებას შეეცადნენ, რა დროსაც მთვრალმა ქალბატონმა ერთ-ერთ პოლიციელს ხელზე უკბინა. როგორც თვითმხილველები და პოლიციელები ყვებიან, ეს ქალბატონი მოულოდნელად მოდუნდა და მალევე გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი. გავრცელებული ცნობით, ქალბატონი გულის პრობლემებს განიცდიდა და შესაძლოა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებამ მისი სიკვდილი გამოიწვია. ცნობილია, რომ ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე ყველა პოლიციელი დაიკითხა. ასევე გაირკვა, რომ ზემოხსენებულ პოლიციელს ტეტანუსის ვაქცინა გაუკეთდა.
მომზადებულია mk.ru -ს მასალებზე დაყრდნობით.