“ბავშვის მოძებნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ 14 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა” – რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარზე

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარი ძალადობის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.
როგორც ცნობილია 14 წლის გოგონა მამამ მას შემდეგ სცემა, რაც შვილმა სავარაუდო გაუპატიურების შესახებ უამბო. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მოზარდმა სახლში მისვლა დააგვიანა და ოჯახის წევრები მის მოსაძებნად წავიდნენ. 14 წლის გოგონას პოვნის შემდეგ მას სექსუალური ძალადობის კვალი აღმოაჩნდა.

„მოზარდმა გვიან ღამით, სახლში მისვლა რომ დააგვიანა, მშობლებმა მოიკითხეს. სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ მშობლებს განუცხადა, რომ 14 წლის თანამშრომელი გოგონა 22:00 საათზე სახლში წავიდა, თუმცა იგი ღამის 4:00-საათამდე სახლში არ დაბრუნებულა. ბავშვის მოძებნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ 14 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რამაც სექსუალური კავშირი დაადასტურა. 14 წლის გოგოს მამამ აღნიშნული რომ შეიტყო, მოზარდს სცემა, ასევე მამამ გაარკვია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და ფიზიკურად იმასაც გაუსწორდა. მამაც დაკავებულია. მომხდარი სამართალდამცველებს თავად დაზარალებულმა შეატყობინა. როგორც ვიცით, ბავშვის ბიძაშვილებიც მივიდნენ და სავარაუდო დამნაშავეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა ბიძაშვილებიც დააკავეს“, – განაცხადეს ადგილობრივებმა “ინტერპერსნიუსთან” საუბრისას.

ცნობისთვის, პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 წლის მოზარდის მამა დააკავა. გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, ვრცელდება სავარაუდო ინფორმაცია, რომ დაკავებულია ის პირიც, ვინც 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები