„ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ერთ ადამიანს მაინც მცირეოდენით ვეხმარები“ – ექიმის უჩვეულო ჰობი, დიდი პროფესიონალიზმი და გადამრჩენელი ცრემლი

დაიბადა  თბილისში.  წარჩინებით დაამთავრა 134-ე საჯარო სკოლა. შემდეგ ასევე წარჩინებით – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
თავის დროზე, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, ორჯერ დააჯილდოვეს, როგორც მედიცინის საუკეთესო თანამშრომელი. სტაჟირება გააგრძელა (სპეციალური მიწვევით) გერმანიის ქალაქ შტუტგარდისა და ფრაიბურგის სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტში.
იყო თბილისის მერიისა და საკრებულოს, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ექსპერტ-კონსულტანტი, ადამიანის დაცვის უფლებების ექსპერტ-კონსულტანტი. აქტიურად იყო ჩართული  სასწრაფო – სამედიცინო დახმარება „03“-ის პროექტში.
2011 წელს, გერმანიაში  მიწვევით გაემგზავრა,  North Rhine-Westphalia-ს საუნივერსიტეტო კლინიკებში, ექიმის პოზიციაზე, თერაპიულ, კარდიოლოგირ და გერიატრიულ განყოფილებებში.
მონაწილეობდა გერმანიის სამედიცინო სფეროში სხვადასხვა  თანამედროვე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

ამბობს, რომ სწორედ გერმანიაში მიიღო სამედიცინო აღიარება.
2014 წელს დაბრუნდა საქართველოში და, მიუხედავად ევროპაში სერიოზული კარიერული წინსვლისა, მოღვაწეობა გააგრძელა ისევ მშობლიურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სწორედ  მაშინ  შექმნა პროექტი, რომელიც გულისხმობდა რეგიონში და მის გარეთ ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და არა მარტო, ადამიანების ჯანმრთელობის საკითხებზე ზრუნვას. კოლეგებთან ერთად მრავალ ადამიანს დაეხმარნენ.
2015 წელს, თბილისის მერიის დავალებით, აქტიურად მონაწილეობდა  სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელ პროგრამაში. ამავე წელს გახდა სატელევიზიო გადაცემის „იმედის გმირების“ გამარჯვებული და  მოიპოვა „იმედის გმირის“ სტატუსი. საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის მასშტაბით საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის,   დააჯილდოვა სპეციალური სიგელით,
კოვიდპანდემიის დროს, პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული დაავადების მართვაში.  მონაწილეობა მიიღო არაერთ საქველმოქმედო თუ სოციალურ პროგრამაში.
დაიცვ
სადოქტორო დისერტაცია კარდიოლოგიაში, არის ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისურენოვანი. ჩართულია ერასმუსის საგანმანათლებლო პროგრამებში (უცხოეთში გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდება და სამედიცინო განათლების თანამედროვე ასპექტები – გერმანია, იტალია, ხორვატია, რუმინეთი, საბერძნეთი, სლოვენია).
როგორც პროფესორს, ხშირად იწვევენ  სხვადასხვა ქვეყანაში, სალექციო და ტრენინგკურსებზე.
2015 წლიდან დღემდე არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის თაანავტორი და 10 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ორგანიზაცია „თეთრი ხალათის“ დამფუძნებელია. – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, თერაპევტ  მაკა ბულეიშვილის პერსონა.

– სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ასევე წარჩინებით დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
– ბავშვობიდან, სულ მცირე ასაკიდან, გამოვირჩეოდი სხვისადმი მზრუნველობით. ყველა ხელოვნების მიმართულებით ელოდა ჩემს მომავალს. მაგრამ მე,  უკვე პატარა ასაკში, არჩეული მქონდა  ჩემი პროფესია, უდიდესი სტიმულია, როდესაც ადამიანს ტკივილს შეუმსუბუქებ, როდესაც შენი დახმარებით გამოჯანმრთელდება და დიდ მადლიერებას გამოხატავს.
– მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა მუშაობდით სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, უჩვეულო და სრულიად სხვა სამყაროში, სადაც დაგაჯილდოვეს, როგორც მედიცინის საუკეთესო მუშაკი…
– სულ ახალგაზრდა აღმოვჩნდი უდიდეს საპასუხისმგებლო პოზიციაზე. სულ სხვა სამყაროში. თავიდან ძალიან რთული იყო. თუმცა არ შევუშინდი და ჩემი ჩვეული მიზანდასახულობით მაქსიმალურად გავუმკლავდი ურთულეს სისტემას. არცერთ დაწესებულებას არ ვტოვებდი უყურადღებოდ, უზომოდ მეხმარებოდნენ ჩემი კოლეგები, ვინც იქ მოღვაწეობდა, და ვფიქრობ, ის წლები ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ამ სისტემაში. შემდგომ კი, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დამაჯილდოვეს, როგორც საუკეთესო თანამშრომელი და გერმანიაში აღმოვჩნდი სტაჟირებაზე. უდიდესი გამოცდილება მივიღე სტაჟირების პერიოდში.
მუშაობდით თბილისის მერიისა და საკრებულოს, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ექსპერტ – კონსულტანტად, ადამიანის უფლებების დაცვის  ექსპერტ – კონსულტანტად. ერთ-ერთი ავტორი იყავით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების „03“ -ის პროექტში…
– 6 წელი ვიმუშავე ექსპერტ-კონსულტანტად სოციალურ და ჯანდაცვის კომიტეტში,  სადაც ყოველწლიურად ვიხილავდით სფეროში მიმდინარე და ახალ პროექტებს.  პრაქტიკულად, ჩვენ  მიერ კომიტეტში ხდებოდა ყველა პროექტის ექსპერტიზა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ეს იყო მედიკამენტების, მკურნალობის, სოციალურად დაუცველთა დაფინანსების და შშმ პირთა დახმარების პროექტები. ჩვენ მიერ დაიწყო სასწრაფო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის პროექტის შემუშავება და შემდგომ განხილვა.
– 2011 წელს გაემგზავრეთ გერმანიაში, მიწვევით, North Rhine-Westphalia – ს საუნივერსიტეტო კლინიკებში, ექიმის პოზიციაზე, თერაპიულ, კარდიოლოგიურ და გერიატრიულ განყოფილებებში.
მონაწილეობდით გერმანიაში მიმდინარე სამედიცინო სფეროში სხვადასხვა  თანამედროვე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში…
– ამ ყველაფრის ფონზე, რადგანაც ძალიან მინდოდა ჩემი  პროფესიული განვითარება, დიახ, რეკომენდაცია  გამიწიეს და გავემგზავრე გერმანიაში.
ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო,  გარკვეული პერიოდი გერმანული სამედიცინო პროფესიული სკოლის გავლა. იქ ვისწავლე ის  ალბათ, რაც ყველაზე მთავარია  ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში –  კომუნიკაციის დამყარება და სიმარტივე; კლინიკური დიაგნოსტიკის მენეჯმენტი – უმნიშვნელოვანესი საკითხი.
გერმანიაში ყოველდღე საქართველოზე ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავ გარემოში მომიწია პროფესიული განვითარება, ზოგჯერ გადავწყვეტდი, დავრჩები და გავაგრძელებ აქ მუშაობას-მეთქი, მაგრამ მაინც სულ საქართველოსკენ მეჭირა თვალი. ჩამოვიდოდი, ისევ წავიდოდი და ყველა წასვლაზე ისევ დაბრუნებაზე ვფიქრობდი.
სწორედ გერმანიაში დაიბადა იდეა, საქართველოში დაბრუნებისა და რეგიონის მოსახლეობის და, განსაკუთრებით, მოხუცთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა. როდესაც ბოლოს გერიატრიულ  (ხანდაზმულთა განყოფილება) განყოფილებაში მუშაობის დროს ვნახე ყველაზე ბედნიერი მოხუცები,  სრული სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფილნი, მაშინ გადავწყვიტე დაბრუნება და ეს პროგრამაც   თავად შევქმენი.
– ამბობთ, რომ სწორედ გერმანიაში მიიღეთ  სამედიცინო აღიარება. სწორედ იქ დაიბადა პროექტის იდეა, რომელიც შემდეგ საქართველოში წარმატებით განახორციელეთ.
ევროპაში სერიოზული კარიერული წინსვლის მიუხედავად,  მოღვაწეობა ისევ  მშობლიურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელეთ… „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თერაპიულ განყოფილებაში დღემდე აგრძელებთ მუშაობას, ამჯერად უკვე პროფესორის, კლინიკური ექსპერტის სტატუსით…
– დავბრუნდი  მშობლიურ რესპუბლიკურ  საავადმყოფოში  და ჩემი ეს იდეაა გავაცანი ჩემს კოლეგებს.ყველა დაუყოვნებლივ დამთანხმდა და ასე, ფეხდაფეხ, მოვიარეთ მთელი საქართველო.
დავდიოდით თითქმის ყოველ შაბათ -კვირას. აპარატურის  ნაწილი მე ჩამოვიტანე. ნაწილი მეგობრებმა გვათხოვეს და ასე შეიქმნა რესპუბლიკური საავადმყოფოს პროფესიონალთა საინიციატივო ჯგუფი. ამ პროექტს მოსახლეობისგან უზარმაზარი  გამოხმაურება მოჰყვა.  სხვადასხვა კლინიკიდან უამრავი ექიმი და ექთანი, რეგიონის მედპერსონალი შემოგვიერთდა. საქართველოს მასშტაბით ერთად დავეხმარეთ თითქმის მთელ მოსახლეობას. ტარდებოდა ყველა ის კვლევა, რაც კი შესაძლებელი და მიუწვდომელი იყო მოსახლეობისათვის.
ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უკვე ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვა. სულ მალე რესპუბლიკურ საავადმყოფოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი ჩავიბარე.
40-მდე გასვლა გვქონდა და 50 ათასზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ. მაშინ მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე ნაკლებად იყო რეგიონალური ხელმისაწვდომობა. უამრავი ადამიანი ჩამოგვყავდა. თითოეულ მათგანს პირადად ჯგუფის წევრები ვეხმარებოდით.  მახსოვს განსაკუთრებული აქცენტები კეთდებოდა მაღალმთიან რეგიონებზე.
6 ათასი ოპერაცია ჩატარდა. ცხადია, ყველას ვეხმარებოდით დაფინანსების საკითხებშიც. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უამრავ მუნიციპალიტეტთან. და ერთ-ერთი აქციის დროს ხევსურეთსა და ფშავში  ის ყველაფერი  რეალურად აღწერეს და ფილმად გადაიღეს „იმედის გმირებში“.
– 2015 წელს აქტიურად ვიყავი ჩართული სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელ პროგრამაში თბილისის მერიის დავალებით. ამავე წელს გახდით სატელევიზიო გადაცემა „იმედის გმირების“ გამარჯვებული, მოიპოვეთ „იმედის“ გმირის სტატუსი. დაჯილდოვდით სპეციალური სიგელით… 
– დიახ, გავხდი „იმედის გმირების“ სატელევიზიო კონკურსის „წლის იმედის გმირის“ გამარჯვებული. უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა შეაფასა და დააფასა სატელეფონო ზარებით ჩემი განხორციელებული პროექტი.
– შემდეგ იყო თბილისის სტიქია…
– მინდა ვთქვა, რომ იმ დღესვე მყისიერად ჩავერთე და,  რაც შემეძლო, მაქსიმალური გავაკეთე. ერთი წუთით არ დამიხევია უკან. შესაბამისად, ჩემი გაწეული დახმარების გამო თბილისის მერის მიერ უდიდესი მადლიერების სიგელი გადმომეცა.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალური საკითხთა კომიტეტის მიერ დავჯილდოვდი, განსაკუთრებული სიგელით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობის გამო. იმავე წელს დამაჯილდოვა ჯანდაცვის მინისტრმა პირადად ჩემი გაწეული სამედიცინო და საქველმოქმედო საქმიანობისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფის მიერ მემორანდუმის საფუძველზე მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავ დევნილს ჩავუტარეთ სამედიცინო გამოკვლევები (2014-2017წ).
 დაიცავით სადოქტორო დისერტაცია კარდიოლოგიაში, ხართ 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისურენოვანი. ჩართული ხართ ერასმუსის საგანმანათლებლო პროგრამებში (უცხოეთში გაიარეთ თანამედროვე სწავლების მეთოდება და სამედიცინო განათლების თანამედროვე ასპექტები – გერმანია, იტალია, ხორვატია, რუმინეთი, საბერძნეთი, სლოვენია)…  ხშირად ხართ მოწვეული პროფესორი სხვადასხვა ქვეყანაში სალექციო და ტრენინგკურსებზე… როგორც ჩანს, სამეცნიერო  ამპლუაშიც თავს მშვენივრად გრძნობთ?
– ამავე პერიოდში უკვე მეორედ შევუდექი სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას და წარმატებით დავიცავი (მიმართულება კარდიოლოგია). მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო მუშაობაში. ვარ საქართველოს მასშტაბით 6 უნივერსიტეტის პროფესორი. უმნიშვნელოვანესია ჩემი ჩართულობა ევროკავშირის სხვადასხვა პროექტში, როგორც მიწვეული ლექტორისა.
კოვიდპანდემიის დროს, 2 წლის განმავლობაში აქტიურად იყავით ჩართული დაავადების მართვაში. მონაწილეობა მიიღეთ არაერთ საქველმოქმედო თუ სოციალურ პროგრამაში… როგორია თქვენი, ექიმის თვალით დანახული ის დრო?
– და მართლაც ასეთი უდიდესი დატვირთულობის ფონზე, covid-19-ის პერიოდი  ჩემთვის ყველაზე რთული ორი წელი იყო. მახსოვს, ყველაფერი სულ სხვანაირი გახდა. მხოლოდ ერთს ვფიქრობდი, როგორმე ყველას გავწვდომოდი. როგორმე ერთი  ადამიანიც კი, ვისაც სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ჰოსპიტალში მოხვედრა, მომეხვედრებინა.
მახსოვს, ერთხელ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, ვხედავ, ვერ ვშველი პაციენტს, ვერ გადამყავს, რადგან ადგილები არაა, სასწრაფო ვერ ასწრებს, ჟანგბადის მიწოდების საშუალებაც არ არის და… ავტირდი, ვერ ვჩერდებოდი რამდენიმე წუთს… მერე ისევ უცებ შემოვუძახე თავს, მე ხალხი მელოდება და უნდა ვუშველო – მეთქი. მაშინვე მოვიკრიბე ძალა და იმაზე მეტი შევძელი…
ხშირად, როდესაც ვიხსენებ  ამ ორ წელს, წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შევძელით ეს ყველაფერი.
–  ხართ ორგანიზაცია „თეთრი ხალათის“ დამფუძნებელი. რა მიზნით დაარსდა და რის გაკეთებას აპირებთ სამომავლოდ?
– ჩვენ გვაქვს ჩვენი ორგანიზაცია „თეთრი ხალათი”. ხშირად ვიკრიბებით და ვცდილობთ, ყველაზე აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე ვისაუბროთ, მედიცინის სიახლეები, სხვადასხვა შემთხვევა განვიხილოთ  და სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელოთ.
უახლოეს პერიოდში ისევ ვგეგმავთ პოსტპანდემიურ რეგიონალურ, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, დახმარებას. მოგეხსენებათ, როგორ დიდი კვალი დატოვა პანდემიამ და ჩვენც აქტიურად ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას.
– „მედისონის“ გენდირექტორის სამივე ქსელის მრჩეველი ხართ… რას გვეტყოდით „მედისონზე“ და „მედისონელებთან“ ურთიერთობაზე?
– ამბულატორიული ქსელი „მედისონი“, შემიძლია თამამად ვთქვა, ერთ-ერთი თანამედროვე პირველადი ჯანდაცვის ცენტრია. განსაკუთრებით გამოირჩევა მედპერსონალის პროფესიონალიზმით. თითოეული ოჯახის ექიმი პანდემიის პერიოდში უდიდეს გამოწვევას გაუმკლავდა. ყველაზე მეტად კი მახარებს „მედისონელების“ გუნდური და მეგობრული დამოკიდებულება.
სამივე ამბულატორიული ქსელი – ვარკეთილი, ვაჟა – ფშაველას და მუხიანის ფილიალები, გამოირჩევა ოჯახის ექიმთა და პედიატრთა დიდი პროფესიონალიზმით. მიყვარს ეს უსაზღვროდ კეთილი და მეგობრული ადამიანები,  უზომოდ მიხარია, რომ მეც მათ გვერდით ვარ.
–  ჰობი…
– ჩემი ყველაზე დიდი ჰობია – არასოდეს გავჩერდე. ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ერთ ადამიანს მაინც სულ მცირეოდენით წავეხმარები. ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ქუჩაში მოვდივარ და სრულიად უცხო ადამიანები მადლობას მიხდიან.

შვილთან – თემო ენუქიძესთან ერთად

ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემთვის გულწრფელობა და სამართლიანობა.
არასოდეს ვინტერესდები ადამიანის სოციალური სტატუსით. ვთვლი, რომ უბრალოება და ღიმილი, რომელიც ყველაზე მეტად ესაჭიროება მკურნალისაგან პაციენტს, ესაა, ჩემი და ჩვენი პირველი შეხვედრის მთავარი ეტაპი და ნდობა.
მიყვარს სიმღერა, ბავშვობიდან ვმღერი.
– ოჯახი…
– მყავს ერთი ვაჟი – თემო ენუქიძე, 24 წლის. ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და იმედი. ჩვენთან ერთად არის დედა, იზოლდა კაპანაძე, დედა მათემატიკოსია და 40 წლის პედაგოგი. ყველა ჩემი წარმატება დაკავშირებულია ჩემს მშობლებთან.

დედასთან ერთად

– სამომავლო გეგმები…
– გეგმები… მუდამ შესაძლებელია, უცებ დავგეგმო, ხანდახან მეც კი მიკვირს და ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ ასეთ რეჟიმში ყოფას. გამუდმებით პაციენტი, სტუდენტები, სამეცნიერო აქტივობები, ხშირად უცხოეთში ყოფნა. ვფლობ სამ უცხო ენას, ახლა გადავწყვიტე მეოთხე ენის შესწავლაც. ძალიან მხიბლავს ესპანური ენა.
დაბოლოს, ამ ორმა პანდემიურმა წელმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. გადავწყვიტე ჯანდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით ვიმუშაო. ამიტომ ისევ ჩავაბარე დოქტორანტურაში. საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი ერთად, მაგრამ მთავარია სურვილი და დიდი სურვილი… მთავარია, არასოდეს გაჩერდეთ,  სულ წინ და წინ!

                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები