როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციას ბავშვებში სახლის პირობებში – პედიატრის რეკომენდაციები

სეზონური გრიპების გააქტიურებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – როგორ ვუმკურნალოთ ვირუსს სახლის პირობებში, როდის მივმართოთ ექიმს და ა.შ. განსაკუთრებით აქტუალურია ეს კითხვები, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ.
რა ვირუსებია გავრცელებული ამ დროისთვის ბავშვებში და როგორ შევუმსუბუქოთ მათ ინფექციისგან გამოწვეული დისკომფორტი – ამის შესახებ პედიატრი, რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი – ქეთევან შარანგია გვესაუბრება.

“შემოდგომის დადგომასთან ერთად, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ზოგადად, ქვეყანაში მატულობს ვირუსული ინფექციები.
ბავშვთა ასაკში 10-12 სახეობის ვირუსი შეიძლება, იყოს დაავადების გამომწვევი. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, სეზონური გრიპი ა, ბ, ც, ადენოვირუსი, პარაგრიპი, შეიძლება – იყოს რესპირატორილი ვირუსი, რინოვირუსი და ა.შ. სხვადასხვა ვირუსული სახეობა არის ახლა გავრცელებული უშუალოდ საქართველოში. აქედან გამომდინარე, ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ბაღსა და სკოლაში დადიან, ემართებათ ხშირად ეს ვირუსული ინფექციები, მაგრამ ეს ყოველთვის ერთი და იგივე ვირუსები არ არის. ერთსა და იმავე ბავშვს შეიძლება, თვეში ორჯერაც კი, სხვადასხვა ვირუსით განპირობებული დაავადება გამოუვლინდეს. ამიტომ, მშობლებს რომ უყვართ ხოლმე თქმა, “იმუნიტეტი აქვს ბავშვს დაბალი და ამიტომ ემართება ხშირად ვირუსი”, არ არის მართებული“, – აღნიშნავს პედიატრი.

პედიატრი მშობლებს ურჩევს, რომ, პირველ ყოვლისა, ბავშვს შესაბამისი რაოდენობით სითხე დაალევინონ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სახლი, სადაც ვირუსით ინფიცირებული იმყოფება, ხშირად განიავდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ, რეკომენდაციების შესრულების მიუხედავად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართონ უბნის ექიმს.
„ვირუსების უმრავლესობას ბინაზე უნდა მკურნალობა. ძირითადად, უნდა დავტვირთოთ სითხეებით, ეს რეკომენდაცია ეხება ყველას, დიდსაც და პატარასაც. ვირუსული ინფექციის დროს, მით უმეტეს, თუ ეს არის ტემპერატურული რეაქცია, ორგანიზმმა უნდა მიიღოს სითხე. სასურველია, რომ ასაკის მიხედვით 24 საათში მივიღოთ 1.5-დან 2.5 ლიტრამდე სითხე, რათა ის სითხის დანაკარგი, რაც ახლავს ტემპერატურულ რეაქციას, პირით სუნთქვის გახშირებას, ავანაზღაუროთ.

ყელის ტკივილის დროს მე ვურჩევდი მშობლებს, რომ წამლის მაგივრად გამოიყენონ თბილი კომპოტი, თბილი ჩაი, რაც ყელის სიმშრალეს და ჩახეხვის გრძნობას მოუხსნის ბავშვს, მაგრამ ეს თბილი სითხის მიღება არა ერთბაშად, არამედ – ყლუპებით, 15-20 წუთში ერთხელ. თბილი სითხე ამშვიდებს და აწყნარებს ანთებით ლორწოვანს, რომელიც ვირუსული ინფექციის დროს აქვთ პაციენტებს.

კიდევ ერთი რჩევა შეიძლება, მივცეთ მშობელს, როდესაც ცხვირიდან გამონადენი აქვს ბავშვს, გამოიყენონ მარილიანი წყალი. თავად დაამზადონ: ერთი ჩაის ჭიქა წყალზე ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ეს ხსნარი ამცირებს ცხვირიდან გამონადენს და მის თანმხლებ დისკომფორტს ამცირებს.

რაც შეეხება ტემპერატურულ რეაქციებს, თუ ბავშვს 38.5-ზე ზემოთ აქვს ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიიღოს სიცხის დამწევი საშუალება. ბავშვებში რეკომენდებულია, რომ სიცხის დამწევი საშუალება, განსაკუთრებით – 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იყოს პარაცეტამოლი, ცოტა მოზრდილმა კი სიცხის დამწევ საშუალებად შეიძლება, არასტეროიდიც მიიღოს.

აუცილებელია, რომ ის ოთახი და ზოგადად სახლი, სადაც იმყოფება ბავშვი, ხშირად განიავდეს, ეს ერთ-ერთი საშუალებაა – რომ მალე გამოჯანმრთელდეს ბავშვი.
კვებას რაც შეეხება, შესაძლოა, ცოტა უმადობა ჰქონდეს ბავშვს და არ ჭამდეს ჩვეული რაოდენობით, ეს ნორმალურია და სასურველია, რომ არ დავაძალოთ. რაიმე განსაკუთრებული დიეტა ვირუსული ინფექციის დროს საჭირო არ არის.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებში, მოზრდილებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა ფუნქციური თავისებურება არის დამახასიათებელი.
2 თვემდე ბავშვი არის ძალიან საყურადღებო და ამ ასაკის ბავშვს ზემოაღნიშნული რეკომენდაციები, რითაც მშობელმა ბინაზე უნდა მართოს ვირუსის მიმდინარეობა, არ ეხება. 2 თვემდე ბავშვი ყველა შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეაფასოს ექიმმა და გადაწყვიტოს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
ეს არის ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც სასურველია – მშობელმა იცოდეს, რომ ბინაზე მართოს ბავშვის მდგომარეობა.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ, რეკომენდაციების შესრულების მიუხედავად, ტემპერატურული რეაქცია გახანგრძლივდა, ბავშვი მოითენთა და არის მივარდნილი, ძალიან აკრძალა საკვების მიღება და მშობელი ხვდება, რომ მდგომარეობა გაუარესებულია, აუცილებლად უნდა მიმართონ ჯერ უბნის ექიმს, რომელიც შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას. ოჯახის ექიმმა უნდა შეაფასოს, საჭიროა სტაციონარში ბავშვის გადაყვანა თუ ამბულატორიულ პირობებში უნდა გაგრძელდეს მკურნალობა“, – ამბობს ქეთევან შარანგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები