შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა დღევანდელი პოსტი, ამას გავარკვევ – ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს

“მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ”, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქ” სტატუსს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი განმარტავდა, რომ მას მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატებთან ეჭვი არასდროს გამოუთქვამს.

ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს.

“მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ორგანიზმში შესაძლოა, გარკვეული მეტალები ჰქონოდა და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. უშუალოდ “ვივამედის”ერთ-ერთმა ექიმმა 15 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის ანალიზები უნდა გადამოწმებულიყო და ანალიზები ჩატარებოდა, რათა დადგენილიყო ხომ არ იყო მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალები. მისი სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში გადაგზავნეს, პასუხში აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მინერალები სისხლის ანალიზში ვერ აღმოჩნდებოდა, საჭირო იყო დამატებითი კვლევა. ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნებოდა, ამჟამად ტოქსიკოლოზი მუშაობს, საიდან შეიძლება მას ეს ნივთიერებები ჰქონოდა. თუმცა, პირადად ჩემ მიერ მოწამლვაზე ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა, მოწამვლა დანაშაულია, მინერალები მას ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტებით შეიძლებოდა ჰქონოდა. ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია, 2-3 დღეში იქნება პასუხი”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ, უცხოელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები