ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
ბულგარეთის დედაქალაქში გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, დიმიტარ სტოიანოვთან ორმხრივ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა და კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება ერთიანი დასავლური პოლიტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს – შეინარჩუნოს მშვიდობა, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ამავე დროს კი, აქტიურად მუშაობს თავდაცვისუნარიანობის, მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მხარეებმა ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებსა და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზეც იმსჯელეს, სადაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება შავ ზღვასა და მოკავშირეების ვალდებულებას, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა. ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ბულგარელი დამკვრივებლების ჩართულობაზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში ბულგარელი ექსპერტების მონაწილეობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო გაააქტიუროს მუშაობა ბულგარეთის რესპუბლიკასთან, რათა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს, რაც ევროპაში ახალი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.