ედიშერ თოლორაია: “ჩვენ უარით არავინ გაგვისტუმრებია, უბრალოდ ამ ეტაპზე ანაკლიაში კონცერტის ჩატარება ვერ ხერხდება”

“ზუგდიდის გამგებელი ,,კაზანტიპის რესპუბლიკის” მოქალაქეებს პატივს სცემს და მხარს უჭერს, საქართველოს მოქალაქეებს კი უარით გვისტუმრებს !!!”-ასეთი სახის სტატუსს აქვეყნებს “რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი facebook-ის საკუთარ გვერდზე.ირაკლი ღლონტი უკმაყოფილებას გამოთქვამს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისამართით იმის გამო, რომ მათ ანაკლიაში კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცეს.
“დღეს დამირეკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (კულტურის სამსახური) ქალბატონმა და გადმომცა გამგებლის, ედიშერ თოლორაიას უარი ანაკლიაში კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, როცა ვთხოვე უარის თქმის საფუძვლებიც ეცნობებინა, ტელეფონით განმიმარტა, რომ კაზანტიპის ორგანიზატორებს აქვთ აღებული ნებართვა და ფიზიკურად შეუძლებელია იქ სხვა სახის ღონისძიების გამართვა. მე განცხადებაში აღნიშნული მქონდა ტერიტორია (სასტუმრო ,,ანაკლიის” მიმდებარე ტერიტორია) , სადაც შესაძლებელია გამგებლის თანხმობის შემთხვევაში კონცერტის ორგანიზება”- წერს ირაკლი ღლონტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ უარი კონცერტის ჩატარებაზე ნამდვილად არ უთქვამთ, უბრალოდ ამ პერიოდში ანაკლიის ტერიტორიაზე “კაზანტიპის” ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით ეს ვერ ხერხდებოდა.
“ჩვენ უარით არასოდეს გაგვისტუმრებია სტუმრები, მითუმეტეს როცა საქმე ეხება ქველმოქმედებას. ჩვენ მათ წერილობით განუმარტეთ, რომ კონცერტის ჩატარება ანაკლიის ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო, რადგან მიმდინარეობს “კაზანტიპის” ფესტივალთან დაკავშირებით მზადება. სასტუმრო “ოქროს საწმისიდან” განმუხურის ტერიტორიამდე ფაქტიურად მთელი ტერიტორია გადაკეტილია. ამიტომაც შევთავაზეთ, რომ 1 სექტემბრიდან გაგვეკეთებინა ანაკლიაში აღნიშნული საქველმოქმედო კონცერტი. ეს იყო ჩვენი ალტერნატივა და იმედია გაგვიგებენ ამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უარით არავინ გაგვისტუმრებია, უბრალოდ დროის ფაქტორია გასათვალისინებელი. როგორც იცით 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით მთელი ტერიტორია დათმობილი აქვს “კაზანტიპის” საერთაშორისო ფესტივალს,”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ედიშერ თოლორაია.
ცნობისათვის,  ჟურნალისტ გიორგი მარჯანიძეს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, მისმა მეგობრებმა და მხარდამჭერებმა თანხის შესაგროვებლად სხვადასხვა ხერხს მიმართეს.
ერთ-ერთი იყო ანაკლიაში გასამართი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელსაც პარტია “რეფორმატორები” და მისი თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ხელმძღვანელობდა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი ორგანიზატორებს კონცერტის ჩატარებაზე უარი იმ მოტოვით ეთქვა, რომ იქ კაზანტიპის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება და ადგილი უკვე დაკავებულია.

წყარო: smo.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები