საქსტატი: 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტით შემცირდა
2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 52 ათასი კაცით (6.0%) და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა (6.2%) და 444.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა.
2022 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა
გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 43.1 ათასით
(10.7%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 30.8 ათასითაა (11.0%) შემცირებული.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (1.8 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.8 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 45.4 პროცენტი და 44.9 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 67.3 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება სქესის მიხედვით უმუშევრობის დონეს, საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.2 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის
III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.3 პროცენტს
შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე
ქალებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.
მონაცემების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.4 და 3.2 პროცენტული პუნქტით.