გიორგი მარგველაშვილსა და ტომას ჰენდრიკს ილვესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა  

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  ნატო-ს სამიტის კონტექსტში ტომას ილვესმა დაინტერესება გამოხატა იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
“ორი ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება გაამახვილეს დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე. ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტი იყო, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის და სამიტის მთავარ დოკუმენტში მკაფიოდ უნდა აისახოს ჩვენი მთავარი მიზნები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაა როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთი საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს.
” ლიდერებმა ასევე უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სწორედ 2008 წლის გაგრძელებაა.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემას. მისი თქმით, ეს არის საერთო ევროპული უსაფრთხოების პრობლემა, რომლის გადაჭრასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩაბმულობა და ძალისხმევა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები