ლევან იოსელიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ხალხის წამოწევა ხდება წინ, ვისი სახელებიც დაკავშირებული იყო პრობლემებთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ათასი ტიპის სხვა დანაშაულთან

მე მგონია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ზომიერ პოლიტიკოსებზე, რომელთა მიზანიც ძალაუფლებისთვის ბრძოლა არაა, არამედ მიზანია უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ნებისმიერ შემთხვევაში.

„მთავარ რაღაცას ვერ აკეთებს ოპოზიცია – საზოგადოებაში არსებობს დღემდე ცვლილებების შიში, რომ შეიძლება დაბრუნდნენ ხელისუფლებაში პარტიები, ადამიანები, რომელთა სახელები და გვარები დაკავშირებულია დანაშაულთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ა.შ, მაშინ ხელისუფლების ცვლილება დიდხანს გადაინაცვლებს პერსპექტივაში. ამიტომ, მე მგონია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ზომიერ პოლიტიკოსებზე, რომელთა მიზანიც ძალაუფლებისთვის ბრძოლა არაა, არამედ მიზანია უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ლევან იოსელიანმა ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი აღნიშნული პარტიისთვის საუარესოა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი საბოლოო ჯამში მათთვის საუარესოა. „ნაცმოძრაობის“ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნის სააკაშვილს, ის არ ეკუთვნის არც ხაბეიშვილს და არც მელიას. ამ ადამიანის სიტყვაზე იქნება დამოკიდებული, საბოლოო ჯამში ვისთან წავა ეს ხმები. მე რასაც ვუყურებ ხაბეიშვილის უკან ისეთი ადამიანების გავლენები უნდა შემოვიდეს, რომელიც არა მგონია რომ „ნაცმოძრაობის“ მიმართ კეთილგანწყობას გამოიწვევს თუნდაც მის ამომრჩეველში. იმ ხალხის წამოწევა ხდება წინ, ვისი სახელებიც და გვარებიც ამ ქვეყანაში დაკავშირებული იყო პრობლემებთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ათასი ტიპის სხვა დანაშაულთან. საპირისპირო პროცესს რომ ვხედავდე, გულწრფელად ვიტყოდი, რომ კი, ეს ჯობია, რადგან, ახალი ადამიანები, ახალი სახეები, ახალი ხედვები შეიძლება იყოს ამ პარტიისთვის განახლების შანსი“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები