თეა წულუკიანი: ვარჰეის განცხადებები მოწმობს, რომ ევროკომისრისგან მთავრობის საქმიანობა დადებითად ფასდება

„მისი განცხადებები, როგორიც უნდა იყოს ამ განცხადების წაკითხვის ან ინტერპრეტაციის მეთოდი, ცალსახად მოწმობს, რომ ევროკომისრის მიერ დადებითად ფასდება მთავრობის საქმიანობა, ის პროცესი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“ მიჰყავს პარლამენტში”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ქვეყნის სასიკეთო წინსვლები ყოველთვის სწყინს.

“ქართველი ხალხის მრავალი საუკუნის წინ გაკეთებული რეალური არჩევანი, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ამ დიდ ოჯახში ჩვენი ღირსეული ადგილი გვეკუთვნის – ამ გზაზე პროცესი, რაც ჩვენს ხელისუფლებას მიჰყავს, ევროკომისრის მიერ დადებითად შეფასდა.

წარსულში გვაქვს მრავალი მაგალითი, რომ როცა ჩვენს ქვეყანას ვინმე აკრიტიკებს უცხოეთიდან, ოპოზიციას უხარია, ხოლო როდესაც ქართველ ხალხს, მის ქვეყანას, მის ხელისუფლებას უცხოელი აქებს, ოპოზიციას ეს სწყინს. ეს უკვე მათი დამკვიდრებული ხელწერაა, მათი იმიჯის ნაწილია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ყოველთვის სწყინს, რაც არის სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მით უმეტეს, რომ ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან გვაქვს პოზიტიური გზავნილები, რომ პროცესი სწორ გზაზეა. ამ გზაზე მუშაობასა და წინსვლას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი უკვე მომდევნო ეტაპზე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ მივიღებთ იმ სტატუსს, რომელიც ქართველ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები