16 -18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს.
შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას. წიგნის საახალწლო ფესტივალი მოიცავს როგორც წიგნების გამოფენა-გაყიდვას, ასევე საბავშვო ღონისძიებებს ფესტივალის მთავარ სცენაზე და საბავშვო სივრცეში, საახალწლო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვასა და სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს.
18 დეკემბერს, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები