პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონებში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპრექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა.
კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს, გამოძიებას, საქართველოს პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან და საბოლოო რედაქცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის წინ იქნება წარდგენილი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, კომპეტენციების თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ და ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ მანდატს სტრასბურგის მიერ დადგენილი დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამიტომ, შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ამ მუხლის ცვლილების საკითხი და ხვალ გაგიზიარებთ საბოლოო რედაქციას, კერძოდ, არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში როგორი იყოს საგამოძიებო ქვემდებარეობა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს პროკურატურის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეეხება კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ქვემდებარეობის გაფართოებაა, თუ ეს მუხლები ეხება უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას და თუ ეს მუხლები გამოვლენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. ცვლილებების თანახმად, იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები. კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა თანამშრომლისთვის, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობას.
საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასაც, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსები კომიტეტს, მათ შორის, წარუდგენენ: ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ასევე, მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები