ნინო იობაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდა პარლამენტარების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილმა სომხეთში, ქალაქ ერევანში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდა პარლამენტარების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნინო იობაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაში „ახალგაზრდა პოლიტიკოსების და პარლამენტარების როლი ეუთოს რეგიონში ამჟამინდელ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების პროცესში” და შექმნილ რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოების გარემოზე და ამ კონტექსტში, მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან, ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენაზე რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურაზე და ისაუბრა საქართველოს მთავარ გამოწვევაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ნინო იობაშვილმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე.

აგრეთვე, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, აუცილებელია ახალგაზრდა პოლიტიკოსების მეტი ჩართულობა და გაძლიერება. მისი თქმით, მისასალმებელია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ახალგაზრდა პარლამენტარების ფორმატის გააქტიურება. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მოითხოვს, ასევე ეროვნული პარლამენტების მხრიდან ძალისხმევის გაძლიერებას, რათა ახალგაზრდა პოლიტიკოსების აქტიური მონაწილეობა იქნას უზრუნველყოფილი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე ავსტრიის, ანდორის, ნორვეგიის, პოლონეთის დელეგატები. გაიმართა შეხვედრები სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან, ომბუდსმენ ქრისტინე გრიგორიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები