ეკონომიკის სამინისტროში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თანამშრომლებისთვის „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უძღვებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილეები: ნათია მიქელაძე და ირმა ქავთარაძე, ასევე სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა “სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოთქვეს – ისინი ფონდის ანგარიშზე თანხას ყოველთვიურად გადარიცხავენ. აღსანიშნავია, რომ სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდნენ ფონდთან. მაგალითისთვის დასახელდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახური და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – ამ უწყებების უკლებლივ ყველა თანამშრომელი საქველმოქმედო პროექტის მონაწილეა. სამინისტროს ინფორმაციით, „სოლიდარობის ფონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირად ღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. ფონდი ბენეფიციარებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებაში დაეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობის ანალოგიური სერვისების საქართველოში უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სოლიდარობის ფონდის პროექტი საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, IFFIm, UNITAID, Product (Red) და სხვა, ბოლო წლებში აქტიურად იყენებენ დაფინანსების ინოვაციურ, არასაბიუჯეტო მექანიზმებს. ახლადშექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ პროექტის ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს, მისი მუშაობის ფინანსურ გამჭვირვალობას და თანხების მიზნობრივად განკარგვას კი სპეციალური კომისია უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები