აფხაზეთის მთავრობის წევრები მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტი კირილე გამოვიდა თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით არა მარტო საერთაშორისო ბანაკებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვის მიმართულებით, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სკოლებს და უნივერსიტეტებში მათი მსოფლიო საპატრიარქოს ფინანსური მხარდაჭერით სწავლების გაგრძელებაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე და არქიმანდრიტი ღვთისავარ გობეჯიშვილი.
„მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ბანაკებს ვახორციელებთ, სადაც ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებითი და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერა იმ კეთილ საქმეში, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობა არის ერთ-ერთი დაუვიწყარი, დიდი სულიერი, ზნეობრივი და შემეცნებითი გამოცდილება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.