საკანონმდებლო ცვლილებით მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება, სამართალდამრღვევი სუბიექტისათვის სახდელის გამოყენების საკითხი თავად განსაზღვროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე კოლეგებს ირაკლი ზარქუამ წარუდგინა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით გაიზრდება მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები, რაც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირება.

„თუ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება თავად განსაზღვროს სამართალდამრღვევი სუბიექტისათვის სახდელის გამოყენების საკითხი და სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანო, რაც ამ ცვლილებამდე სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა, ეს რაიონული სასამართლოებისათვის ამ კატეგორიის საქმეების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კანონპროექტის მიხედვით უფლებამოსილ ორგანოებს შორის ახლებურად გადანაწილდება კომპეტენციები. მომხსენებლის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვევს მოსახლეობის მხრიდან მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობის გაზრდას. კანონპროექტის განხილვისას გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც დამატებით მსჯელობას და დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, პირველი მოსმენით ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე, გარკვეულ დეტალებზე სამუშაო ფორმატში იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები