თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღინიშნა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საიუბილეო წელს – 30 წლისთავს დასკვნითი ღონისძიება მიეძღვნა. საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო იაპონური ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტების ანსამბლს „LEO CLASSICS ENSEMBLE“. ანსამბლის წევრები არიან: ლეონარდ ეტო, რიუტარო კანეკო, მასაიუკი საკამოტო, რიიჩი იამაუჩი და იასუჰირო იოშიმურა. საიუბილეო ღონისძიების მეორე ნაწილში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა, ანსამბლ „LEO CLASSICS ENSEMBLE“-თან ერთად, წარმოადგინა ალექსეი რატმანსკის ერთმოქმედებიანი ბალეტი „სიზმრები იაპონიაზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები