კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უშგულში კიდევ 6 კოშკს ჩაუტარა რეაბილიტაცია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები ჩაუტარდა კოშკების კედლებს, გაკეთდა გადახურვისთვის საჭირო ხის კონსტრუქციები, შეიფიცრა სახურავი, შესაძლებელი გახდა ხის მასალის ცეცხლდაცვა, ჰიდროიზოლაცია, სახურავის ფიქლით დაფარვა, გაკეთდა სართულშორისი გადახურვები. სამუშაოების ღირებულება სულ 324 281 ლარია.
შეგახსენებთ, რომ უშგულში მოცემული სამუშაოების მწვავე საჭიროება 2021 წლის ივლისში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის სვანეთში გამართული სამუშაო ვიზიტისას გამოიკვეთა. სტუმრობისას მინისტრი ადგილზე გაეცნო იუნესკოს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და მცხოვრებთა პოზიციაც მოისმინა. მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უშგულის თემში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამინისტრო აუცილებლად იმოქმედებდა.
პირობის შესრულება გასულ წელსვე დაიწყო, როდესაც 2021 წლის ბოლოს უშგულის თემის ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამი კოშკი აღდგა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა მიმდინარე წელს უშგულის თემის კიდევ ექვსი კოშკის რეაბილიტაცია.