ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობა“ რაღაც არჩევნებს ითხოვდა, როგორც ჩანს, ისეთი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, ამ ყველაფერს საკუთარ პარტიაში მიიღებენ
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტებთან ერთად, ითხოვდა რაღაც არჩევნებს და, როგორც ჩანს, ისეთი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, ამ ყველაფერს საკუთარ პარტიაში მიიღებენ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური ოპოზიციურ პარტიაში განვითარებულ პროცესებს.
დეპუტატის თქმით, პარტიაში ხელჩართული ჩხუბი აქვთ გაჩაღებული, ვინ იქნება კეზერაშვილის ფულის მიმღები.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მარტივი რამ ხდება, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ეს რადიკალი, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“, თავის სატელიტებთან ერთად, ითხოვდა რაღაც არჩევნებს და როგორც ჩანს, ისეთი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, ამ ყველაფერს საკუთარ პარტიაში მიიღებენ. ეს არის რეალური სახე იმისა, ზოგადად, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც მტრობს და აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აზიანებს საკუთარი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს.
ხაბეიშვილის და სხვების პოლიტიკაში ყოფნა რამდენად არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში, ამას ნათლად ადასტურებს საპარლამენტო საქმიანობა. მაგალითად, რამდენად არის ვაშაძის საქმიანობა ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი, ამის ნათელი მაგალითია მათი საპარლამენტო საქმიანობა. თითი თითზე არ აქვთ დადებული საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ. დღემდე ვერ შეძლეს, უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესებზე და ამ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააყოლეს ქვეყნის მომავალი, რაც საზოგადოებისგან იქნება პასუხგაცემული. იქამდე კი, ვიდრე საზოგადოება მათ მორიგ ჯერზე გასცემს სამართლიან პასუხს, თვითონ პარტიაშივე ხედავთ, როგორი ორთაბრძოლა და ხელჩართული ჩხუბი აქვთ გაჩაღებული, ვინ იქნება კეზერაშვილის ფულის მიმღები. ეს არის მათი რეალური სახე და საქართველოს ხვალინდელი დღე მათთვის წარმოუდგენელია, რამეთუ თავსებადი არ არის ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს ხვალინდელი დღე“, – თქვა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს ითხოვს, მათ შორის ახალი თავმჯდომარის ასარჩევადაც. სამმა კანდიდატმა უკვე გამოთქვა სურვილი აღნიშნულ პოსტზე, ესენია: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრი გიორგი ჩალაძე და “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძე. როდის ჩატარდება პარტიაში არჩევნები ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, რომლის შეკრების თარიღიც, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.