გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში წარდგენილ მოსაზრებებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოსული დასაბუთებული მოსაზრებების ავტორების მოსმენა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, მოკვლევას ერთობლივად ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით.

თემატური მოკვლევა საქართველოში დეკარბონიზაციის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას ისახავს მიზნად. თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები საჯაროდ არის გამოქვეყნებული და 40-მდე ორგანიზაციას გადაეგზავნა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს ასოციაციებს, სამეცნიერო ცენტრებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული კითხვარის მიხედვით ინფორმაცია გამოთხოვილია სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტებისაგან.

„საკითხი ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კომიტეტისთვის. მალე დავიწყებთ მუშაობას კლიმატის ცვლილების კანონპროექტზე, რომელსაც ეს კვლევები, ექსპერტების მიმოხილვა და კითხვებთან დაკავშირებით მიღებული პასუხები ძალიან დაგვეხმარება, რომ მიღებული კანონი იყოს სრულფასოვანი და აღსასრულებლად რაციონალური”,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ სხდომაზე, სადაც 5 დასაბუთებული მოსაზრების ავტორებს მოუსმინეს და აღნიშნული მოსაზრებების თაობაზე იმსჯელეს.
საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში ასევე იგეგმება საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების მოსაზრებების გაცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები