დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგები აქტიურად მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერების, სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეულ ტერიტორიულ ადმინისტრაციაში 2 დღიან ტრენინგებს, ეტაპობრივად, ატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 100-ზე მეტი თანამშრომელი. 2 დღიან ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს, ბუნებრივი რესურსებისა თუ ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებს დაეხმარებათ კიდევ უფრო სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაში ვიზიტორებთან, აგრეთვე, ხელს შეუწყობს მათი კოორდინებული მუშაობის განვითარებას.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაცული ტერიტორიების რეინჯერების, ბუნებრივი რესურსების და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, რათა მეტად გაუმჯობესდეს დაცულ ტერიტორიებზე მომსახურების სტანდარტები, მოხდეს საუკეთესო კულტურის ჩამოყალიბება და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განმტკიცება. მიმდინარე წლის ბოლომდე, დაგეგმილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ყველა თანამშრომლის გადამზადება.