მამუკა მდინარაძე – “დეოლიგარქიზაციაზე” : რადიკალურ ოპოზიციას უნდა, თავის თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს საკუთარი ინტერესები მოარგოს, რათა ცვლილებები რეალურ ოლიგარქებს არ შეეხოს.
მდინარაძისთვის გაუგებარია, რატომ არის მისაღები აღნიშნული კანონპროექტი უკრაინაში და მიუღებელი – საქართველოში.
„ვინც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს აკრიტიკებს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას, რატომ ხდება, რომ უკრაინული კანონის პირდაპირი თარგმანი უკრაინაში ძალიან კარგია და საქართველოში ძალიან ცუდი. რა ხდება, რა წარმოვიდგინოთ? – ეს კანონპროექტი მალფუჭებადია და ორწამიან ინტერნეტტრანსპორტირებას ვერ უძლებს, თუ რაშია საქმე? არანორმალური მსჯელობა მიმდინარეობს.
რეალურად, ის ხდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, თავის თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს, შეეხოს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, რომელთაც შეიძლება, კანონის ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში არ მოერგოს. ეს არ აწყობთ, მათ აწყობდათ და მომავალშიც ასე იქნება – სუბიექტური, ვიღაცის წინააღმდეგ, რევანშისტური და ა.შ.“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს. “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.