“საფრანგეთი მზად არის, წვლილი შეიტანოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში” – მაკრონი
საფრანგეთი გააგრძელებს ნატოს მოკავშირის როლის შესრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, მონაწილეობა მიიღოს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერებაში, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
ამის შესახებ მან ტულონში სამხედრო-საზღვაო ბაზის მონახულების დროს თქვა.
„ალიანსში ჩვენ გავაგრძელებთ სამაგალითო მოკავშირის როლს, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს „ჩარჩო ერის“ როლი და, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შეიტანოს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში“, – თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, ეს აუცილებელია “მომავალი ევროპული პროექტისთვის”.
როგორც საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, საფრანგეთი უნდა დარჩეს „დამოუკიდებელ და პატივცემულ ძალად“, „ატლანტიკური ფესვებით“, რომელიც არის „სანდო პარტნიორი მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო სამართლის შენარჩუნებაში“.
მაკრონმა ასევე ისაუბრა სხვა ევროპელ პარტნიორებთან საფრანგეთის თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობაზე.
„ჩვენ უნდა შევიდეთ ახალ პარტნიორობაში იტალიასთან, საბერძნეთსა და ხორვატიასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად თანამშრომლობის ახალი ფორმებისკენ წავიდეთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.