კონგრესმენი, რომელიც ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებდა, წარმომადგენელთა პალატაში ისევ აირჩიეს
რესპუბლიკელი კონგრესმენი, ვიქტორია სპარცი, შუალედური არჩევნების შედეგად, წარმომადგენელთა პალატაში ადგილს ინარჩუნებს.
სპარცმა დემოკრატი კანდიდატი, ჯანი ლი ლეიკი 60%-ით დაამარცხა.
ვიქტორია სპარცი კენჭს ინდიანას შტატში, მე-5 ოლქში იყრიდა. პირველად ის წარმომადგენელთა პალატაში 2020 წელს იქნა არჩეული და პირველი ეთნიკური უკრაინელი გახდა, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში მოხვდა.
ასევე, ვიქტორია სპარცი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისადმი გაგზავნილი წერილით არის ცნობილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეეხება.
კერძოდ, სპარცი წერდა, რომ არსებობს „სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინაში ბატონი ერმაკის საქმიანობისა და რუსეთთან მისი შესაძლო კავშირების შესახებ“.
კონგრესმენი წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ ერმაკმა სამართალდამცავ საკითხებში მოადგილედ ოლეგ ტატაროვი დანიშნა მაშინ, როდესაც ის „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჭიანურებს, რის გამოც სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო არ ფუნქციონირებს“.
ბაიდენისადმი მიმართვაში სპარცი წერდა, რომ „ბატონი ერმაკი დიდ შეშფოთებას იწვევს შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ და მიიჩნევა, რომ მას ძალიან აფასებს თქვენი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი“.
„იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ბევრს მუშაობს დასავლეთსა და ჩვენს ქვეყანასთან ალიანსების დასამყარებლად, ჩვენი პასუხისმგებლობაა – ვაცნობოთ მას, რომ შეშფოთებულნი ვართ მის გარშემო მყოფი პირების გამო. ეს ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა მამაცი უკრაინელი ჯარისკაცების და ძლიერი უკრაინელი ხალხის წინაშე, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის ყველა ჩვენგანისთვის“, – დაწერა ვიტორია სპარცმა.
ასევე, ვიქტორია სპარცი ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებდა.
“ერმაკი რომ სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, როგორც ადამიანი ასეთი საეჭვო რეპუტაციით, ის ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას – მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც შეამცირა უკრაინის მომზადების დონე. თუმცა, არასდროსაა გვიანი სწორად მოქცევა“, – აცხადებს სპარცი.
კონგრესმენის თქმით, ერმაკმა მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო. სპარცის თქმით, როგორც ჩანს, კიევს აქვს ფული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მაგრამ არ აქვს თანხა სამხედროების დასახმარებლად. საუბარია, მაგალითად, 2014 წლის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე სამხედროებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე.
