„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაროკოს ეპოქის ავთენტური მუსიკა და ინსტრუმენტები  ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის    ხელშესახები გახდა“ –  ხვალ  “თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იხსნება 

ხვალ,  9 ნოემბერს “თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იხსნება. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი  “საქართველოს სინფონიეტა“   27 ნოემბრის ჩათვლით  გამართავს. ფესტივალის შესახებ  მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – გიორგი ქერელაშვილმა,  დირექტორმა – კონსტანტინე კასრაძემ,   საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა –  თეა მუქერიამ,  თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსმა  – ნინო სულაძემ ისაუბრეს.

„ძალიან გვიხარია, რომ წელსაც მოგვეცა საშუალება, უკვე მერვედ,  ბაროკოს მუსიკის ფესტივალი ჩავატაროთ.   ეს ყოველწლიური ღონისძიებაა. წელს ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ანსამბლები და სოლისტები იქნებიან,  მაგალითად: საფრანგეთიდან  მომღერალთა ანსამბლი Organum, ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტები, იტალიიდან   შესანიშნავი  ანსამბლი  Europa Galante ჩამოდის. გარდა ამისა,  ჩვენი ორკესტრი ამ ფესტივალზე აფხაზეთის კაპელასთან თანამშრომლობს, ასევე,  სოლისტები არიან რუმინეთიდან,  ხორვატიიდან, ესპანეთიდან. ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის   დირექტორმა, კონსტანტინე კასრაძემ.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ქერელაშვილმა ფესტივალის პროგრამაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ნაწარმოებებს,  მოგეხსენებათ,  ჩვენი ფესტივალი ცდილობს,   წლიდან წლამდე არ განმეორდეს, რათა  მსმენელს მრავალფეროვანი, სხვადასხვა ნაწარმოები შევთავაზოთ. წელს  გახსნის კონცერტზე იანდისმან ზელენკას მესა იქნება, რომელიც საქართველოში აფხაზეთის კაპელასთან ერთად პირველად სრულდება,  მეორე კონცერტზე ბახი და მისი ფავორიტი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ძალიან მახარებს ის,  რომ ამ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია. როგორც ჩანს,  ბახი ჩვენს მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს. შემდეგ კონცერტზე ბრაზილიური ბაროკოს და ზელენკას ნაწარმოები შესრულდება,  ასევე, აფხაზეთის კაპელასთან ერთად.  შემდეგი კონცერტი იქნება Europa Galante-სი, რომელიც  იტალიის ერთ-ერთი გამოჩენილი ორკესტრია, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა და კულტურის ცენტრში გაიმართება. დანარჩენი კონცერტები ტრადიციულად რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე იქნება.  დასკვნით კონცერტზე ჰელსინკის  ბაროკოს ორკესტრის სოლისტები იქნებიან, რომლებიც  ბახის ნაწარმოებებს შეასრულებენ“, – განაცხადა გიორგი ქერელაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის,   თეა მუქერიას თქმით, ფესტივალის ფარგლებში საჯარო ლექციებიც გაიმართება.

„როგორც ყოველთვის, ჩვენი ფესტივალი ძალიან დატვირთულია. გამორჩეულია იმით,  რომ ერთადერთი ბაროკოს ფესტივალია,   რომელიც ბაროკოს პერიოდის მუსიკას  ავთენტიკური მანერით ასრულებს  და ამით ძალიან ვამაყობთ. ასევე, იმითაა გამორჩეული, რომ, გარდა იმ დღესასწაულებისა,  რასაც საფესტივალო კონცერტებით  ჩვენს მსმენელს ვუწყობთ,  ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს. ეს ვფიქრობ, რომ მეტად მნიშვნელოვანია,  ვინაიდან ამ მუსიკის შესრულება  განსხვავებული სპეციფიკაა, შესაბამისად, სწავლებას აუცილებლად მოითხოვს. ჩვენს ფესტივალზე მასტერკლასები იმართება ხოლმე. მოწვეული  სოლისტები,  მუსიკოს-შემსრულებლები ასევე ძველებური მუსიკის სპეციალისტები არიან და ძალიან ძვირფასია მათგან ის საჩუქარი, რომ ჩვენი მუსიკოსებისთვის  უფასოდ  მასტერკლასებს მართავენ. წელსაც ასეთი  მასტერკლასი გვაქვს. გერმანელი  დირიჟორი, კორნელია ფონ კერსენბროკი ბაროკოს ვოკალში  მასტერკლასს ჩაატარებს, ასევე,  მასტერკლასი თეორბოში გვექნება. აქ ორმაგად ამაყები ვართ, რადგან მასტერასს ქართველი თეორბისტი ჩაატარებს.  ასევე, ანსამბლ „რუსთავსა“ და  და ფრანგულ ანსამბლ ORGANUM -ს შორის ძალიან საინტერესო „ვორქშოფი“ გაიმართება. ვფიქრობ,   ეს ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე საჯარო ლექციები იმართება. გვინდა  ხოლმე,  რომ ამხელა ეპოქა სრულად მოვიცვათ,  ყველა თემა გავაჟღეროთ.  16 ნოემბერს   საჯარო ლექცია არქიტექტურის შესახებ შედგება, რომელსაც  არქიტექტორი შალვა ქურიძე წაიკითხავს. 18 ნოემბერს ბაროკოს საშემსრულებლო სტილზე ლექციას  მე ჩავატარებ, 20 ნოემბერს ლექცია   ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე იქნება,  რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილი  წაიკითხავს.  ეს  ძალიან საინტერესო იქნება,  ანსამბლი „მართვე“ მიიღებს მონაწილეობას  და ტრადიციულ ნიმუშებს ცოცხლად მოვისმენთ. 21 ნოემბერს ლექციების ციკლი ისეთი სინთეზური დარგით დასრულდება, როგორიცაა ოპერა. სათეატრო ხელოვნებასა და ოპერაზე თეატრმცოდნე თამარ მუქერია ისაუბრებს. ასე მოვიცავთ ბაროკოს ეპოქას“, – განაცხადა თეა მუქერიამ.

თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსის,  ნინო სულაძის თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაროკოს ეპოქის ავთენტური მუსიკა და ინსტრუმენტები  ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის    ხელშესახები გახდა.

„დედაქალაქი კლასიკური მუსიკის ფესტივალებით ნამდვილად განებივრებულია. თუმცა, ბაროკოს მუსიკის ფესტივალს განსაკუთრებული ნიშა უჭირავს სწორედ იმის გამო, რა სტილის მუსიკა და რა ეპოქის საკრავებიცაა გამოყენებული.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფესტივალი  შემოქმედებითი მიმართულების გარდა,  საგანმანათლებლო მიმართულებასაც მოიცავს. თითქმის ყოველ წელს ამ ფესტივალზე  დამატებით,  ყოველთვის არის გარკვეული საგანმანათლებლო ნაწილი წარმოდგენილი, ისეთი  როგორიცაა მასტერკლასები, „ვორქშოფები“, სადაც  უცხოელი ცნობილი მუსიკოსები, ქართველებთან ერთად მონაწილეობენ.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაროკოს ეპოქის ავთენტური მუსიკა და ინსტრუმენტები  ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის   გახდა  ხელშესახები, მათთვის  მუსიკის საფუძვლებთან მიახლოება მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ თბილისის მერია, ფაქტობრივად,   ფესტივალის დაარსების დღიდან მისი  მხარდამჭერია.  ფესტივალის აქამდე მოტანაში კულტურის სამინისტროს დიდი წვლილიც არის. ყველა მონაწილეს მინდა,  წარმატებები ვუსურვო. მსმენელებს ძალიან საინტერესო დღეები ელით“, – განაცხადა ნინო სულაძემ.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა.

„ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მას ყოველწლიურად ბაროკოს მუსიკის მსოფლიოს ვარსკვლავები სტუმრობენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტური შესრულების მანერით სრულდება ძველებური მუსიკა.

საფესტივალო კონცერტები: 9, 11, 13, 15 და 27 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ხოლო 24 ნოემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა და კულტურის ცენტრში გაიმართება. კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება სალაროში და ონლაინ ვებგვერდზე: www. Biletebi.ge“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო  და ფრანგული ინსტიტუტი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები