შალვა პაპუაშვილი: არანაირი გასაქანი რადიკალურ ოპოზიციას ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში არ ექნება
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შესრულდეს საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს არჩევანი, ან დადგეს საქართველოს მხარეს, ან საკუთარი ვიწროპარტიულ ძალაუფლებაზე მოწყურებული იდეების მხარეს.
„გარკვეული პოლიტიკური აგონია, რომელიც აქვს რამდენიმე ჯგუფს, ისტერიაში ჩავარდნილი იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ, ამ საკითხებზე პარლამენტი წარმატებით მუშაობს. არის საგნობრივი მსჯელობა, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებით. იმ ჯგუფებმა, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ თავდაპირველად ამ პროცესს ჩაშლიდნენ, მახსოვს, მათი თავდაპირველი მიზანი რა იყო, როცა ისინი სამუშაო ჯგუფებში არ შემოდიოდნენ და ჰქონდათ იმედი, რომ მოახდენდნენ ამ ჯგუფების დისკრედიტაციას, საბოლოოდ, საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს. დღეს ვხედავთ, რომ თავიანთი აგრესიული რიტორიკით პირდაპირ მოუწოდებენ, რომ კვლავ გადავიდეს დესტრუქციაში ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის რეაქციას, რაც ყველაზე მთავარია და განმსაზღვრელია. ქართველი ხალხი ამ საკითხზე ჩამოყალიბებულია, რომ არანაირი გასაქანი რადიკალურ ოპოზიციას ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში არ ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.