დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქსტატის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს მხარი დაუჭირა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის კანდიდატურებს მოუსმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი, კონკურსის შედეგად შერჩეული მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები წარადგინა.
კანდიდატებმა საქსტატის საბჭოს წევრობის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში მათი საქმიანობის კონცეფცია წარადგინეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მარინე მინდორაშვილის და სიმონ გელაშვილის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი. აღნიშნული საკითხი პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.