იაგო ხვიჩია: 7 ნოემბერი მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების, საკუთარი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი კრიმინალის კლასიკური მაგალითია
“გირჩის” დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, 7 ნოემბრის მოვლენები მაშინდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადამეტებისა და საკუთარი მოსახლეობის მიერ ჩადენილი კრიმინალის კლასიკური მაგალითია.
„7 ნოემბერი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების, საკუთარი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი კრიმინალის კლასიკური მაგალითია, მათ შორის, „იმედში“ შევარდნით და დარბევით დამთავრებული. ვინც ვერ დაინახავდა ამას ქუჩაში, აუცილებლად დაინახავდა ტელეკომპანია „იმედში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა.
7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.