ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს” ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე, ისაუბრეს იმ ბარიერებზე, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. პროკურატურის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულების დროს კოორდინატორები დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას უზრუნველყოფენ. შეხვედრები ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „არა ფემიციდს”, აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.