რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ერევა აშშ-ის არჩევნებში და არ დაუშვებს ჩარევას მის საშინაო საქმეებში.
ამის შესახებ მან The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვით, კონგრესში შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აშშ-ში “ბოტფერმები” გააქტიურდნენ და ამჯერად, დემოკრატების და ჯო ბაიდენის “გაშავების” გარდა, უკრაინის ომს იყენებენ. კერძოდ, “ბოტები” შეშფოთებას გამოთქვამენ იმ მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარების გამო, რომლითაც აშშ უკრაინას უდგას გვერდით.
“ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია: სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა მიუღებელია. არ ვერევით და არ მივცემთ უფლებას, ჩვენს საქმეებშიც ჩაერიონ. ახალი ბრალდებები არის აშშ-ის დემოკრატების მცდელობა, გაამართლონ თავიანთი დამარცხება კონგრესის არჩევნებში”, – წერს ვოლოდინი სოციალურ ქსელში.
მისი აზრით, შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელმძღვანელობა “ძალაუფლებას ებღაუჭება”.