“ერთობაზე გვამუნათებენ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ” – ანი წითლიძე

ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას პოლარიზებასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მეტი გააკეთა ერთობისთვის.

„ისეთი ადამიანები გვამუნათებენ ერთობაზე, რომლებმაც თავის დროზე ერთობა დაარღვიეს. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. ჯაფარიძე ჯერ ისე წავიდა პარტიიდან, არც დაგვემშვიდობა და ნახვამდის არ უთქვამს იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილზე ვიბრძოდით. ნუ, ოქეი, წავიდა, წავიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მეტი გააკეთა ერთობისთვის, ჩვენი ამომრჩეველი საერთოდ არ იყო აღფრთოვანებული ამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და არც იმით, რომ ჩვენ თბილისის მაჟორიტარები მთლიანად დავუთმეთ ოპოზიციურ ერთობას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარები რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვების ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა. ახლა ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ჩვენ ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე. მერე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თამაშობდნენ, რომ თვითონ იყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია და ჩვენ ვიყავით დესტრუქციული ოპოზიცია და ვიყავით ქუჩის ოპოზიცია. ამ ერთობის მთავარმა დამრღვევებმა წითელი ხაზი გადმოკვეთონ და გვეძახონ, თურმე, ერთობა არ გვინდა, ამას ვერ დავეთანხმები ნამდვილად. თუ ერთობაში გულისხმობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით უნდათ სადმე გასვლა, მაშინ საერთოდ რას მიდიოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა – „სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის ერთობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები