გია ცაგარეიშვილი – ნაზი ჯანეზაშვილზე: იგი არის კანდიდატი და უნდა მობრძანებულიყო დღეს, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით თქვა უარი გასაუბრებაზე

თუ ჩართული ხარ ამ პროცესში, გარკვეული პასუხისმგებლობებით ხარ შებოჭილი და უნდა მოიქცე ისე, როგორც ეკადრება მაღალ თანამდებობაზე გასამწესად გამზადებულ ადამიანს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას პარლამენტში გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

ცაგარეიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა უარი პროცესში მონაწილეობაზე ნაზი ჯანეზაშვილმა.

“დღეს გავიგეთ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების თაობაზე. იცით, რომ ჩვენ ალფაბეტის მიხედვით გავყევით კანდიდატების სიას, ბოლო იყო ნაზი ჯანეზაშვილი. როგორც ჩანს, ასო ჯ-ზე უნდა ჩამოვსულიყავით, რომ გახსენებოდა, იგი არის კანდიდატი და უნდა მობრძანებულიყო დღეს. თუ ჩართული ხარ ამ პროცესში, გარკვეული პასუხისმგებლობებით ხარ შებოჭილი და უნდა მოიქცე ისე, როგორც ეკადრება მაღალ თანამდებობაზე გასამწესად გამზადებულ ადამიანს. სამწუხაროდ, ამგვარი პასუხისმგებლობა ვერ გამოამჟღავნა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, უარი თქვა გასაუბრებაზე. რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო კონკურსში მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თავის არიდება პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ,  საქართველოს სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა, კანდიდატურას არ ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები