ეკა ბესელია სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტებს შემზარავს უწოდებს

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტებს შემზარავს უწოდებს.
„ფაქტები, რომ პირადი საჩუქრებისთვის, მეგობრებისთვის, პოლიტიკური პარტნიორებისთვის, პირადი ხარჯების გაწევისთვის მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის თანხებს ასე ფლანგავდა, ბუნებრივია, შემზარავია. ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა, თუ როგორ ზრუნავდა ქვეყანაზე, მოსახლეობაზე”, – განაცხადა ბესელიამ. ამასთან, ეკა ბესელია ევროპელ მეგობრებს ეკითხება – როდესაც ასეთი ფაქტები გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი და საჯარო ხდება, ამაზე პროკურატურამ თვალი უნდა დახუჭოს?
„კითხვები უჩნდებათ ჩვენს მეგობრებს, თუნდაც ჩვენს რომელიმე ევროპელ მეგობარსა და გულშემატკივარს, უნდა გვითხრან, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი და საჯარო, ამაზე რეაგირება არ უნდა მოხდეს, თვალი უნდა დახუჭოს ქვეყნის პროკურატურამ და ხელისუფლებამ და თქვას, რომ მერე რა მოხდა, მსგავსი ფაქტები შეიძლება მიჩქმალული იყოს?”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსთან თეიმურაზ ჯანაშიასთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად ცნო. როგორც მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები