აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ნიდერლანდებში ეცნობიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ნიდერლანდებში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – Vakantiebeurs 2026 უწევს.
აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და 10-მდე კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.
“საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ, აჭარის და, ზოგადად, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები ტურისტული კომპანიების, სარეკლამო სააგენტოების, მედიისა და ტურისტული ასოციაციების წარმომადგენლებთან, რაც რეგიონში ევროპელი ვიზიტორების მოზიდვასა და აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას ემსახურება.
“Vakantiebeurs 2026″-ის ოთხდღიან გამოფენას უკვე 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე მსოფლიოს 118 ქვეყნიდან 750-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.