ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი: ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ გრენლანდიაზე თავდასხმა განხორციელდება, დიდმა ბრიტანეთმა უნდა დაუწესოს სანქციები ტრამპის ორგანიზაციას და დაფიქრდეს, გვინდა თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალები ჩვენს ტერიტორიაზე
“დროა, ტრამპის მუქარები სერიოზულად მივიღოთ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ გრენლანდიაზე თავდასხმა განხორციელდება, დიდმა ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ტრამპის ორგანიზაციის წინააღმდეგ და სერიოზულად დაფიქრდეს, საერთოდ გვინდა თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი, ედ დეივი, X-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში აცხადებს.
როგორც დეივი აღნიშნავს, დონალდ ტრამპი 2026 წლის დასაწყისიდანვე არღვევს წესებსა და საერთაშორისო სამართალს. გრენლანდიაზე თავდასხმის შემთხვევაში კი, მისი თქმით, ბრიტანეთმა სანქციები უნდა დაუწესოს ტრამპის ორგანიზაციას და გაიმართოს დებატები იმის თაობაზე, რამდენად სურს ბრიტანეთს აშშ-ის სამხედრო ძალები მის ტერიტორიაზე იყოს განთავსებული.
“ზოგიერთის აზრით, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც ძალა, იძულება და ძალაუფლება მართავს. გჯერათ თუ არა, ეს არ არის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, არამედ, ეს არის ტრამპის თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია.
2026 წლის პირველივე კვირაში ტრამპი უკვე ანგრევს წესებს და არღვევს საერთაშორისო სამართალს. ახლა კი ის ქვეყანას ემუქრება იმის გამო, რომ ტერიტორიის გადაცემაზე უარი უთხრა. ეს ძალა არ არის, ეს უგუნურებაა.
კირ სტარმერმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი და, ღმერთმა ნუ ქნას, თუ გრენლანდიის წინააღმდეგ რაიმე თავდასხმა მოხდება, დიდმა ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ტრამპის ორგანიზაციის წინააღმდეგ. უნდა აიკრძალოს მისი საქმიანობა ბრიტანეთში და უნდა გაიმართოს საპარლამენტო დებატები იმის შესახებ, საერთოდ უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალების განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე.
ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა, მაგრამ, დროა, ტრამპის მუქარების სერიოზულად აღვიქვათ”, – განაცხადა ედ დეივიმ.