ირაკლი ზარქუა: სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის პროცესთან მიმართებით დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

დეპუტატის თქმით, გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს.

„ე.წ. ციანიდის თემაზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები პირველი, მეორე და მესამე ინსტანცია სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს. სტრასბურგმა დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უფლებას, დაცული იყო. ასევე მტკიცებულებების მოპოვება, ბრალის წარდგენის ნაწილიც და განჩინებაც ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ეს მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესი სწორად ვითარდება და სტრასბურგის გადაწყვეტილებაც სწორედ ამას მოწმობს. გახსოვთ, „რუსთავი 2“-ის თემა, სადაც ეჭვიც კი არ შეუტანია და სამივე ინსტანციაზე თქვა, რომ დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. მამალაძის პროცესთან მიმართებითაც დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

ერთადერთი შენიშვნაა, რეკომენდაციაა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია იყო დარღვეული, ანუ რომელიღაც ჩინოვნიკმა წინასწარ მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ დამნაშავე არისო და ვიდრე სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება, მანამდე არ ჰქონდა უფლება, ეს ეთქვა. მეორე ხარვეზი დადგინდა ის, რომ სხდომა დახურულიყო, თუმცა ისეთი მგრძნობიარე თემები იყო, რომ ალბათ დახურული სხდომები უფრო სწორი იყო. სტრასბურგის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ სასამართლო რეფორმას შედეგი მოაქვს და ამას აღიარებენ არა მხოლოდ აქაური ექსპერტები, არამედ უკვე საერთაშორისო სასამართლოებიც“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები