“დიდი გამარჯვებაა” – დეკანოზ მამალაძის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
დეკანოზ მამალაძის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატი, დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქმე მოიგო, რადგან ევროსასამართლომ სამიდან ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
“ბევრი რომ არ გავაგრძელო, საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.
როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.
პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენტარებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები.
დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას
პ.ს. დარვევა დადგინდა დახურული სასამართლო განხილვების გამო, ასევე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო. არ დადგინდა მტკიცებულებების მოპოვების და გამოყენების ნაწილში”, – წერს ჯანდიერი.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა, დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში და მე – 2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.