შს მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ (SAFE IBM) ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის IBM პროგრამების უფროს მენეჯერთან, მასიმო რამანზინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე დარახველიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიგრაციისა და საზღვრის მართვის მიმართულებით მოქმედი დანაყოფების საქმიანობის და არსებული საჭიროებების შესახებ.

ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ფარგლებში ახლად შექმნილი სტრუქტურული ერთეულის, საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებს, საქართველოში მიგრაციის მართვისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე.

გარდა ამისა, მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მასიმო რამანზინსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები