ComCom-მა სოხუმის უნივერსიტეტის 300-ზე მეტი სტუდენტი ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემინარს 300-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა, რომლებიც ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადამზადდნენ. მედიაწიგნიერების ტრენერმა ანი გვეტაძემ ბაკალავრიატის სტუდენტებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმებზე და მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების შესახებ. როგორ უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, როგორ გადაამოწმონ წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები – სტუდენტები ფაქტების გადამოწმებისა და ე.წ. Fake News-ის აღმოჩენის შესახებ, BBC Academy-ის მასალებით გადამზადდნენ.
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, აგრძელებს უნივერსიტეტებში შეხვედრებს. კომუნიკაციების კომისიამ ოქტომბერში ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში 500 სტუდენტი გადაამზადა. სემინარები ჩატარდა თბილისის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
აღნიშნული სემინარები სტუდენტებს ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.