თალაკვაძე – ბობოხიძის განცხადებაზე: აღიარება დაგვიანებულიცაა და ცოტაც, თუმცა, კარგია, რომ ვისმენთ
ეს არის აკაკი ბობოხიძის აღსარება, არის დაგვიანებულიც და ცოტაც, თუმცა, კარგია, რომ ასეთ განცხადებებს უკვე ვისმენთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა, რითაც “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ბობოხიძემ ენმ-ის მმართველობა “ავტორიტარულად” შეაფასა.
თალაკვაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება თანამედროვე საზოგადოების ყველა ფუნდამენტურ უფლებას არღვევდა.
„ეს არის არა აკაკი ბობოხიძის განცხადება, არამედ – აკაკი ბობოხიძის აღსარება. ეს არის დაგვიანებულიც და ცოტაც იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა, თუმცა, კარგია, რომ, საბოლოოდ, ასეთ განცხადებებს უკვე ვისმენთ, რადგან ეს დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ წარმომადგენლებს. ყველას გვახსოვს რა ხდებოდა და, ალბათ, მხოლოდ ერთი განცხადებით შეუძლებელია იმის აღწერა, როგორ მუშაობდა მაშინდელი ხელისუფლება. ისინი არღვევდნენ ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რაზეც დგას თანამედროვე საზოგადოება, ევროპა, დასავლეთი და ამით რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდნენ“, – თქვა თალაკვაძემ.