“ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთი ფასი ექნება” – საავადმყოფოების დაფინანსების მექანიზმი იცვლება
ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესთან დაკავშირებით დღეიდან შედის ძალაში.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება DRG – დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელით მოხდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, DRG სისტემით ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების მკურნალობისთვის გადაიხდის.
ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს.
ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მეთოდი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას აუმჯობესებს და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, სრულად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.